საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საგასტროლო ტურნე გერმანიაში დასრულდა
image

აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საგასტროლო ტურნე გერმანიაში დასრულდა

აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საგასტროლო ტურნე გერმანიაში დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გამართულ კონცერტებს 10 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ქართული კულტურის უნიკალურმა ნიმუშებმა მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
 
პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა და მიზნად ისახავდა ქართული კულტურის, უნიკალური პოლიფონიის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას, ეროვნული საშემსრულებლო ტრადიციების პოპულარიზაციასა და კულტურული კავშირების გაღრმავებას.
 
ტურნეს ფარგლებში კონცერტები გაიმართა ბერლინის, ჰერცბერგის, დრეზდენის, მაგდებურგის და ლაიფციგის კულტურული მემკვიდრეობის ისტორიულ ლოკაციებზე. გერმანიაში მცხოვრები ქართველებისთვის ჩატარდა მასტერკლასები, ასევე, ინკლუზიურ ორკესტრ ,,Utopia Orchestra“-თან და ბერლინში დაარსებულ ქართულ გუნდ „ბახტრიონთან“ ერთად, გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი.
 
ლაიფციგსა და მაგდებურგში გამართულ კონცერტებს აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ვლადიმერ მგალობლიშვილი დაესწრო. ღონისძიებებს ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია და საელჩოს მრჩეველი, დუდანა მაზმანიშვილი.
 
დაუვიწყარი აღმოჩნდა ანსამბლის სოლო კონცერტი ლაიფციგის წმინდა თომას ეკლესიაში, სადაც ქართული ხმა 1500 მაყურებლის წინაშე პირველად აჟღერდა. ბახის სამყაროში შესრულებულმა ქართულმა პოლიფონიურმა ნიმუშებმა მსმენელის დიდი ინტერესი და ხანგრძლივი ემოცია დაიმსახურა.
 
ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა კულტურულ ორგანიზაცია „KulturLeben Berlin“-ისა და კომპანია „Kolchi Event“-ის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორ, ანჟელა მაიენბურგთან და ინკლუზიურ ორკესტრ „Utopia Orchestra“-ს პროექტის ხელმძღვანელ, მაესტრო მარიანო დომინგო-პუერტასთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ინკლუზიური ორკესტრის ჩამოყალიბების სპეციფიკასა და სახელოვნებო სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
 
შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზიასთან. ვლადიმერ მგალობლიშვილმა ელჩს და საელჩოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ანსამბლ ,,ბათუმის” საიუბილეო საგასტროლო ტურნეს ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ხაზი გაესვა ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციის მნიშვნელობას და ამ პროცესში, კულტურული დიპლომატიის როლს.
 
ღონისძიებები აჭარის კულტურის სამინისტროს, გერმანიაში საქართველოს საელჩოს, გერმანული კომპანიის „KulturLeben Berlin“-ისა და ქართული ,,Kolchi Events”-ის თანამშრომლობით გაიმართა.