აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

ანსამბლ „რუსთავის“ სოლო კონცერტი
ცნობილი ლოტბარისა და ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ სოლო კონცერტი, რომელიც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.
ანსამბლი მაყურებლის წინაშე სპეციალური პროგრამით წარდგა. საღამოზე შესრულდა ქართული ტრადიციული ქორეოგრაფიული ნომრები, ასევე ხალხური და პოლიფონიური სიმღერები. კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების დასასრულს, აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, ისაუბრა ანზორ ერქომაიშვილის განსაკუთრებულ ღვაწლზე ქართული ფოლკლორის წარმოჩენის, დაცვისა და განვითარების საქმეში. მისივე აღნიშვნით, ანსამბლი „რუსთავი“ წარმატებით აგრძელებს ანზორ ერქომაიშვილისა და ქორეოგრაფიული ხელოვნების გამორჩეული მოღვაწის, ფრიდონ სულაბერიძის დაწყებულ საქმეს და ღირსეულად წარმოაჩენს ქართულ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
კონცერტის პარალელურად მოეწყო ქართული ტრადიციული ეროვნული სამოსის და ანსამბლ „რუსთავის“ ისტორიის ამსახველი ფოტო გამოფენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, მოადგილეები, - ლადო მგალობლიშვილი, ბადრი ნაკაშიძე, ირმა აბულაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლის მოსწავლეები.