აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნა
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნა
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. მე-12 სეზონის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის, UNESCO-ს პატრონაჟით, საქველმოქმედო ფონდი “ლირას” ორგანიზებით და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით იმართება.
აჭარის კულტურის მინისტრმა, ფესტივალის დამფუძნებელმა, ელისო ბოლქვაძემ მისასალმებელ სიტყვაში ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ კულტურა, როგორც რბილი ძალა ყოველთვის იქნება პოლიტიკური ურთიერთობების ძლიერი ფუნდამენტი მშვიდობისა და ხალხის სამსახურში.
ფესტივალი აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ ,,ბათუმის” სოლო კონცერტით გაიხსნა. ანსამბლი მსმენელის წინაშე განახლებული პროგრამით წარდგა. 2-6 დეკემბერს, ფესტივალი ბათუმი საერთაშორისო კულტურული დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმად გადაიქცევა და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოს კულტურულ პოტენციალს ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გააცნობს. პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტები.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ “შემოქმედებითი საქართველო“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმის მერია, ბათუმის დრამატული თეატრი, იაპონიის საელჩო საქართველოში, არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო საქართველოში, ბანკი „ქართუ“ და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 2013 წელს დააფუძნა საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატმა, UNESCO-ს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ.